19 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"მიზანია შესრულდეს სახელშეკრულებო ვალდებულებები ბასილაშვილის მხრიდან" - ირაკლი კაჭარავას ადვოკატები ბასილაშვილის იურისტებს პასუხობენ

ბიზნესმენის ირაკლი კაჭარავას ადვოკატები, მარიკა არევაძე და ანა ჯალაღონია ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატების მიერ "რუსთავი 2"-ისთვის მიწოდებულ საგანგებო განცხადებას პასუხობენ.

როგორც კაჭარავას ადვოკატების მიერ "რუსთავი 2"-ისთვის მოწოდებულ განცხადებაშია აღნიშნული, არასწორია ბასილაშვილის ადვოკატების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება არ არსებობს. ბიზნესმენის ადვოკატების მტკიცებით, ხელშეკრულება რეალურია და ამის მასალებიც არსებობს.

ამასთან, ადვოკატები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მათი მიზანია შესრულდეს სახელშეკრულებო ვალდებულებები ბასილაშვილის მხრიდან.

ირაკლი კაჭარავას ადვოკატების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ამა წლის 01 ივნისს საინფორმაციო სააგენტო კომერსანტზე დაიდო ინტერვიუ ირაკლი კაჭარავასთან, სახელწოდებით - "შეუსრულებელი ვალდებულებები და 1.5 მილიონ დოლარიანი ბიზნეს დავა - ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ინვესტორთან". ინტერვიუში ვრცლად იყო საუბარი, როგორც ირაკლი კაჭარავას შესახებ, ასევე მისი და ნიკოლოზის ურთიერთობის დაწყების და არსებული დავის შესახებ. აღნიშნულ ინტერვიუს დღის ბოლოს გამოეხმაურა ბასილაშვილის მხარე და კომერსანტის ვებ გვერდზე ასევე განთავსდა მხარის კომენტარი.

ამავე დღეს, რუსთავი 2-ის საინფორმაციო ვებ გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, სათაურით - „ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს - ბასილაშვილის იურისტების საგანგებო განცხადება“. ინფორმაცია გაშუქებული იყო ცალმხრივად, ჩვენ მხარესთან კითხვების დასმისა და ირაკლი კაჭარავას პოზიციის დაფიქსირების გარეშე. რუსთავი 2-ის საინფორმაციო ველში განთავსდა ირაკლი კაჭარავას ინტერვიუზე ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტების მიერ გაჟღერებული პოზიცია/პასუხი, ისე, რომ თავდაპირველი ინფორმაცია არ იყო დაფიქსირებული.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გვსურს იმავე საშუალებით და ფორმით მოხდეს ინფორმაციის ყოველმხრივი გაშუქება. ამიტომ ვეხმიანებით ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტების პასუხს და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ:

ჩვენი მიზანი არის, შესრულდეს სახელშეკრულებო ვალდებულებები ბასილაშვილის მხრიდან. სწორედ ამიტომ მივმართეთ სასამართლოს და სასამართლომ ჩვენი სარჩელი 27 აპრილს მიიღო წარმოებაში, რაც მის გამართულობაზე მიუთუითებს. სარჩელს თან ახლავს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ირაკლი კაჭარავას მხრიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის ინვესტირებას და მისი ხარჯების დაფარვას.

ხელშეკრულება რათქმაუნდა არსებობს და ბასილაშვილის მხარემ ეს ძალიან კარგად იცის, ეს საკითხი მოლაპარაკების პროცესშიც არ გამხდარა სადავო და ნიკოლოზის მხარე პირდაპირ ადასტურებს მისი დადების ფაქტს, ამის მასალები გვაქვს (მიმოწერა, აუდიო მასალა), მხარის პოზიცია ხელშეკრულების არსებობის უარყოფასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მათთვის ცნობილი გახდა რომ ირაკლის ხელშეკრულების საკუთარ ეგზემპლიარზე წვდომა ამ ეტაპისთვის არ აქვს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც ირაკლის მიმართ ისმის პატივის და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებები. პირველად იყო ნიკოლოზის მამის მხრიდან დაუსაბუთებელი და ცრუ ბრალდებები. გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ჩვენი ერთდადერთი მიზანი არის ნიკოლოზმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, თუმცა თუ ბასილაშვილის მხარე აირჩევს ტალახის სროლის ტაქტიკას, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას მათ მოსაგერიებლად.

ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ იურისტების საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ყადაღის საკითხის არასწორი ინტერპრეტირებისას. აქაც ცდება მათი პოზიცია სამართლებრივ არსს და საზოგადოების ემოციური ფონის ფორმირებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მითხოვნას წარმოადგენდა სასამართლოში დავის დასრულებამდე ნ. ბასილაშვილის კუთვნილ საბანკო ანგარიშების დაყადაღება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბასილაშვილის ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება შეუქცევად ეკონომიკურ შედეგებთან იქნებოდა დაკავშირებული საზღვარგარეთ მყოფი ბასილაშვილისთვის, მათ შორის, საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობასთან და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონების მოძიება უფრო რელევანტურად მიიჩნია. ჩვენ არ დაგვიყენებია უძრავი ქონების დაყადაღების მოთხოვნა ვინაიდან მის სახელზე საქართველოს ფარგლებში მოთხოვნის ოდენობის საპირწონე ქონება რეგისტრირებული არ არის.

ჩვენი დაკავშირება ნიკოლოზის ოჯახურ დავასთან, მხარის სტრატეგიის ნაწილია, რათა ჩვენს მიმართ შეიქმნას საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება, რაც მათ სამართლებრივი პოზიციის სისუსტეზე მიუთითებს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმის ავღნიშნავთ, ირაკლი კაჭარას საქმეს არავითარი კავშირი არ აქვს ნიკოლოზის შესაძლო ძალადობის საქმესთან.

ჩვენი პოზიცია და მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ იმ სამართლებრივ მოცემულობას, რომელიც მხარეთა შორის იყო შეთანხმებული. პოპულარობა და წარმატებული კარიერა ვერავისთვის ვერ იქნება ინდულგენცია," - აღნიშნულია ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას ადვოკატების მიერ "რუსთავი 2"-ისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. ადვოკატები ირაკლი კაჭარავას მიერ გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურნენ და ის სიცრუეში დაადანაშაულეს.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა ნიკოლოზ ბასილაშვილს უჩივის. ის ამბობს, რომ მან ჩოგბურთელის კარიერულ წინსვლაში ფინანსური რესურსი გაიღო, სანაცვლოდ კი ბასილაშვილის ტურნირებზე გამომუშავებული საპრიზო თანხებიდან გარკვეული სახის შემოსავალი უნდა მიეღო.

 

 

დღის ამბები