ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა იმართება. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან უმრავლესობის წევრები.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატის იქნება დღევანდელი შეხვედრა, თუმცა, როგორც "ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს იგეგმება გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ბენეფიციარები ასევე სოციალური მუშაკები და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
"საქმე გვაქვს არასრულწლოვნებთან და მნიშვნელოვანია ემოციური ფონი იყოს სათანადო იმისთვის, რომ შესაბამისად იმუშაონ სოციალურმა მუშაკებმა, მათ შორის თუკი არის სავარაუდო დარღვევები, ეს სოციალური მუშაკების გამოსავლენი საკითხია, ასევე იცით, რომ შსს-ც იკვლევს ამ საკითხებს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბექა დავითულიანის თქმით, მნიშვნელოვანია ,რომ ბავშვებისთვის შემსუბუქდეს სტრესული ფონი, რათა სოციალურმა მუშაკებმა სათანადოდ მუშაობა შეძლოს.
დღესვე ადგილზე ელოდებიან საპატრიარქოს კომისიასაც. გამოძიება დაწყებულია, უკვე გამოიკითხა 6 მოზარდი.
შეგახსენებთ, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის ინფორმაციით, სხალთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობა ხორციელდება. ბოლო რამდენიმე წელში კი პანსიონში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 4 საქმეა აღძრული 3 ძალადობის, ერთი კი სექსუალური ძალადობის მუხლით.
უფლებადამცველები და სამოქალაქო სექტორი ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგისთვის ომბუდსმენის შეშვებას და იქიდან ბავშვების გამოყვანას მოითხოვენ.