ნინოწმინდის პანსიონი ბენეფიციარებისგან ნელ-ნელა იცლება. საკუთარი სურვილით თუ სხვა მიზეზებით ყოველდღიურად მცირდება იმ მოზარდების რაოდენობა, რომლებიც ამ დრომდე ჩაკეტილ სივრცეში რჩებიან. დღეს ნინოწმინდა კიდევ სამმა აღსაზრდელმა დატოვა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს ბენეფიციარებს სკოლაში წასვლის, ჟურნალისტებს კი პირველად აღმზრდელებთან კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. ჩაკეტილი სივრცის კარის გაღების შემდეგ ქუჩაში მოზარდებთან ერთად გამოსულმა პანსიონის თანამშრომლებმა მედიას აგრესიულად მიმართეს. ძალადობაში დადანაშაულებულებმა კითხვები უპასუხოდ დატოვეს.
სოციალური მუშაკების გარდა პანსიონში არსებულ მდგომარეობას სწავლობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაც. ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავეებისთვის დაწესებულების კარი ხუთი დღის წინ გაიღო.
მედიასთან დღემდე არ კონტაქტობს პანსიონის ხელმძღვანელი. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, რომელმაც თითქმის ორ ათწლეულში რამდენიმე თაობის აღზრდის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მეუფე სპირიდონისგან განსხვავებით, ბავშვთა პანსიონში არსებული სიტუაციის მედიისა და საზოგადოებისთვის გაცნობის სურვილი აქვს ახალციხისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტს. მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდაში შესაბამის მოლაპარაკებებს დღესაც მართავდა. მღვდელმთავარი თავმჯდომარეა იმ კომისიის, რომელიც სპეციალურად პანსიონის ირგვლივ დაწყებული სიტუაციის შესასწავლად ჩამოყალიბდა.
ეჭვის გაჩენის შემდეგ, რომ შესაძლოა, პანსიონის თანამშრომლები ბავშვებზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სექსუალურად ძალადობდნენ, პროცესებში ჩაერთო UNICEF-იც. საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 20 წელზე მეტია საქართველოს ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება, დღესაც მზად არის მთავრობას ბავშვების განაწილების პროცესში მხარი დაუჭიროს.
ოფიციალური ინფორმაციით, პანსიონი 24-მა ბენეფიციარმა დატოვა, ამ დრომდე კი ადგილზე 29 აღსაზრდელი რჩება.