"კურიერმა" ყოფილი ბენეფიციარის აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც ის ჰყვება, რომ მისი ყოფნის პერიოდში ნინოწმინდის პანსიონში ხდებოდა სხვადასხვა სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მათი აღმზრდელების მხრიდან, აგრეთვე იყო განსხვავებული დასჯის მეთოდები და მუდმივად ხორციელდებოდა მათი მიმართ ბულინგი.
"ჩვენ ძალიან მწარე მოგონება გვაქვს და არ მინდა, რომ იგივე სიტუაცია გამოიარონ იმ ბავშვებმა, რომლებიც ახლა პანსიონში იმყოფებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც იგივე დასჯის მეთოდია, წკეპლა და ასეთი რაღაც... ვინმე ფრჩხილით ან რაღაცით, რომ გაგვკაწრავდა გვაცმევდნენ გრძელმკლავიან მაისურს, რომ არ შევემჩნიეთ ვინმეს, რომ ასე დაგვსაჯეს.
ვინმე რამეს დააშავებს, დიდ ბიჭებში გადაგვიყვანდნენ და ასე რომ ვთქვათ, დიდი ბიჭებით გვემუქრებოდნენ. ბავშვები ვინც წამოვედით დაგვსაჯეს და ჩვენზე ცუდსაც ამბობენ პანსიონში ახლა, - რომ ეს ბავშვები არიან ცუდები იმიტომ, რომ ბავშვთა პანსიონზე ცუდი თქვეს," - აცხადებს ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი.
მეუფე სპირიდონი თბილისშია, ის ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში წირვას ესწრება. უცნობია დაარღვევს, თუ არა ტრადიციას ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი და ამჯერად მაინც, თუ უპასუხებს ჟურნალისტების შეკითხვებს.