01 სექტემბერი 2026,   21:04
ვრცლად
ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისთვის - ადვოკატთა ასოციაცია რეფორმების პაკეტს წარადგენს 

ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისთვის - ამ სახელწოდების რეფორმების პაკეტს ამ წუთებში ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს. ორგანიზაციის წევრებს აქვთ კონკრეტული შეთავაზება პარლამენტისთვის, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში კანონმდებლობაში შეიძლება აისახოს.

ადვოკატთა ასოციაციის წევრები რამდენიმე საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტის გაძლიერებაზე. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პროექტის ავტორები საუბრობენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად არჩეული უნდა იქნას კვალიფიციური იურისტი.   

"პარლამენტს აქვს უდიდესი როლი არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესში და კარგი იქნება, თუ უფრო მეტი კონსულტაცია იქნება დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, ადვოკატთა ასოციაციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აკადემიასთან, რათა მოხდეს მაღალი რეპუტაციის იურისტების არჩევა არამოსამართლე წევრებად," - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა. 

დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში საკმაოდ ბევრი ხარვეზია. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძე ამბობს, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების მხრიდან საკმარისი ნდობა არ არსებობს, რაც 19 აპრილის დოკუმენტშიც აისახა.

"სამწუხაროდ, ჩვენს სასამართლოს არ აქვს საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა, რაც პრინციპში ლოგიკურად აისახა 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტშიც. არ არის შემთხვევითი, რომ ამ დოკუმენტში სასამართლოს თემებზე არის საკმაოდ ვრცლად საუბარი და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მალე პარლამენტში დაიწყება უფრო აქტიური მუშაობა," - აცხადებს გურამ იმნაძე. 

დღის ამბები