200 ლარიანი დახმარების მითვისების საქმეზე დაკავებულებს დღეს პროკურატურა ბრალს წარუდგენს. საუბარია ჯგუფზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპრაციის დროს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ თანხებს პირები თაღლითურად ითვისებდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, თაღლითობის მუხლით დაკავებული სამი ადამიანიდან 2-მა ბრალი უკვე აღიარა.
ადვოკატის ინფორმაციით, 2 ბრალდებული, რომელიც ბრალს აღიარებს, მზადაა მიყენებული ზიანი აანაზღაუროს.
"დღეს გამოძიება აპირებს ბრალდების წარდგენას. ახლა ვართ დაბარებული მაგ პროცედურაზე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი, რომელიც თაღლითობას გულისხმობს და, აგრეთვე, ყალბი დოკუმენტის გამოყენება. ბრალდებულებმა მზაობა გამოხატეს ზიანის ანაზღაურებაზე,"-განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი იმ ბრალდებულის, რომელიც ბრალს არ აღიარებს, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს.
"ამ ეტაპზე, ვსარგებლობთ კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით. ერთადერთი, თავს იდანაშაულებს იმაში, რომ ენდო თავის მეგობარს და მისცა პირადი მონაცემები, საბანკო რეკვიზიტები და პლასტიკური ბარათი," - განაცხადა ადვოკატმა.