ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები - დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. რაც შეეხება დაშავებულ ჟურნალისტებს, მათი ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა სხეულის დაზიანება მედიის ათობით წარმომადგენელმა მიიღო.
გადამღები ჯგუფების ნაწილი არის საკმაოდ მძიმედ დაშავებული. ისინი სხვადასხვა მძიმე ტრავმით სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ნაწილს ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გაუწია დახმარება.
მძიმედ დაშავდა "რუსთავი 2-ის" ოპერატორი შოთა სიკინჭილაშვილი, ის ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
"რუსთაველზე ვაშუქებდი აქციას, რა დროსაც მოვიდა და ფიზიკურად გამისწორდა რამდენიმე პირი. ჩვეულებრივ ვიღებდი, ერთ-ერთი უკნიდან მოვიდა და რაღაცა ჩამარტყა, შემდეგ წრეში მომაქციეს, ვერ გამოვედი, ბოლოს პატრულის თანამშრომელმა გამომიყვანა.
ხელებს, ჯოხებს, რაც ხელში მოხვდებოდათ ყველაფერს მირტყამდნენ და ზოგადად მედიის მიმართ ძალიან აგრესიულები იყვნენ," - ამბობს ოპერატორი შოთა სიკინჭილაშვილი,
"50 ადამიანი ამ კარს ხელებითა და ფეხებით ამსხვრევდა, შემოვარდნენ, შევრჩით ჩვენ ხელში, მოაჯირიდან გადაათრიეს ჩემი ოპერატორი. 20-მა კაცმა დაგვიმსხვრია მთელი ტექნიკა, ამის მერე ჩემი ოპერატორი 20-მა კაცმა ჩაითრია, ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამდენიმე წუთი მეგონა რომ მკვდარი იყო, არის სისხლის კვალიც. ტელეფონი გამომგლიჯეს ხელიდან, დემონსტრაციულად მანახეს, რომ აი შენი ტელეფონი მიჭირავს," - განაცხადა "ტვ პირველის" ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ ასევე "ფორმულას", "რადიო თავისუფლებას", "იმედის" და სხვა მედია საშუალებების გადამღებ ჯგუფებს.
ჟურნალისტებზე ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო ორი მუხლით: ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის და ძალადობის მუხლებით.