1 წელი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში - ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს, თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული ე.წ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც რუსეთის ფედერაციის ე.წ. მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
"1 წლის თავზე უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ჩემი შვილი სახლში მინდა. ამდენი მოლოდინები, ამდენი დაპირებები, ყველაფერი ჩვენთვის ტყუილია. საპატრიარქოდან უარი მივიღეთ, რომ ის სხვა სახელმწიფოა და ჩვენ სხვა სახელმწიფო ვართო, ცხინვალი სხვა არისო და რუსეთი სხვა არისო," - აცხადებს ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური.