ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" წევრების ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. როგორც ნინო სუხიშვილი აცხადებს, გასულ თვეებში დასის უმეტესობა უკვე აიცრა.
"სუხიშვილების" მმართველი დირექტორი მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
"ჩვენი ანსამბლი ძალიან ხშირად გადის ქვეყნიდან და აუცილებელია ყველა აცრილი იყოს. 80% აიცრა მაისსა და ივნისში. ძალიან ცოტა პროცენტი დარჩა ვინც დღეს აიცრება და სრულიად ჩვენი დასი იქნება აცრილი. ეს ყველას მოქალაქეობრივი მოვალეობაა," - განაცხადა ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" მმართველმა დირექტორმა ნინო სუხიშვილმა.
გართულებული ეპიდვითარების ფონზე, საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო საქართველოს ჯარიც. გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სურვილის შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ აცრის გაკეთება.
"ვიმყოფებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც წარმოდგენილები არიან პირველი ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა, რომელთაც ეტაპობრივად უტარდებათ აღნიშნული ვაქცინაცია. ამ წუთში გავდივართ მეორე ეტაპს, პირველ ეტაპზე აიცრა სამედიცინო პერსონალი.
ვაქცინაცია წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას, რომ დავამარცხოთ ქვეყანაში არსებული პანდემია," - განაცხადა მაიორმა, I ქვეითი ბრიგადის ექიმმა მამუკა მელაძემ.