სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქრთამის აღების ფაქტზე შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის", მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს.
"გამოძიებით დგინდება, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის - "მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის" უფროსმა, ორ თანამშრომელთან ერთად, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორც თავად, ასევე, ხსენებული პირების მეშვეობით, სისტემატურად შედიოდა კორუფციულ გარიგებაში შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან.
შემუშავებული გეგმის შესაბამისად, აღნიშნული პირები წინასწარ აცნობდნენ სატენდერო პირობებს მათთან დაახლოებულ პირებს, რითაც უზრუნველყოფდნენ შესაბამისი კომპანიების ტენდერში გამარჯვებას,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.