19 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
ვრცელდება ფარული ჩანაწერი - "დავაბამ სადმე საღორეში, დავსერავ, იმენა მოვ****ვ, უნდა დავამარილო"

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირების დაკავებასთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს.  ვიდეომასალაში ასახულია ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევა, ისმის მუქარის შემცველი ფრაზებიც.

"ამას ამაღამ დავაბამ სადმე საღორეში, დავსერავ, იმენა მოვ****ვ,  უნდა დავამარილო ბ***ს შვილი ვიყო" - ამბობს ჩანაწერში ერთ-ერთი დაკავებული.

შეგახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო.-სთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა.

ა.ო., სადავო საკითხის "ქურდული წესების" შესაბამისად განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.ა.-ს მეშვეობით დაუკავშირდა "ქურდული სამყაროს" წევრებს, ასევე ბრალდებულებს. აღნიშნულმა პირებმა ა.ო.-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ დახმარება აღუთქვეს.

ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში, თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევა მოაწყეს.

დავის "ქურდული წესით" გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან - ა.ო.-სგან სადავო თანხას - 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა "ქურდული სამყაროს" წესებს არ შეესაბამებოდა.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი "ქურდული შეხვედრების" ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

"ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

დღის ამბები