05 მაისი 2024,   16:46
ვრცლად
წყალდიდობა ბათუმში - სხვადასხვა კერძო საკუთრებასთან ერთად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ათამდე ქუჩა დაიტბორა. სტიქიის შედეგად ე.წ. ჭაობის დასახლებაში არაერთი ოჯახის კერძო და კომერციული ფართი დააზიანა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ ინტენსიური წვიმის დროს, ბათუმში წყალდიდობა ჩვეულებრივი მოვლენაა და უკვე მიჩვეულები არიან. მოქალაქეების თქმით, წყალმოვარდნის დროს შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს. 

"ჭა გვაქვს და მისი მეშვეობით გადის წყალი გარეთ. 112 გამოვიძახეთ, პატრული გამოვიძახეთ, არცერთმა ყურადღება არ მოგვაქცია, რომ ქუჩა ჩაეკეტათ,"- უთხრა "კურიერს" ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

სტიქიის შედეგად ბათუმში სხვადასხვა კერძო საკუთრება დაიტბორა, მათ შორის  რესპუბლიკური საავადმყოფოს მიწისქვეშა სართული, სადაც სამედიცინო ინვენტარია განთავსებული. 

"სტიქიის შედეგად ქალაქის გარკვეულ უბნებზე გარკვეული ტიპის პრობლემები შეიქმნა. მობილიზებულია შპს "ბათუმის წყალის" დანაყოფები, სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები, პარალელურად ვახდენთ ამოტუმბვით სამუშაოებს სხვადასხვა ლოკაციაზე. მოცემულ მომენტში რესპუბლიკურ საავადმყოფოში 0 სართული დაიტბოდა და ვახდენთ ამოტუმბვას,"-აცხადებს შპს "ბათუმის წყლის" დირექტორი ლევან დავითაძე.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ქალაქს მსგავსი პრობლემები აღარ შეექმნება.

"ძირითადად დატბორილია ათამდე ქუჩა და ქუჩის მონაკვეთი, სადაც დაბალ ნიშნულზე მცხოვრებ მოსახლეობას, ინტენსიური წვიმის შედეგად შეექმნა პრობლემები. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ქალაქს მსგავსი ტიპის პრობლემები აღარ ექნება,"- აცხადებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.

უხვი ნალექის გამო საერთაშორისო რეისი ვერ მიიღო ბათუმის აეროპორტმა და რეისი თბილისში გადამისამართდა. ამ დროისთვის ბათუმში ნალექის ინტესივობამ იკლო, ქალაქში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. 

 

დღის ამბები