მედძმა, რომელმაც ანტივაქსერული ვიდეომიმართვა გაავრცელა, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ განცხადება თავად სამედიცინო დაწესებულებამ გაავრცელა.
"ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი უმცროსი მედპერსონალის, მედ-ძმის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვას ეხმიანება და მკაცრად ემიჯნება კლინიკის სახელით გაკეთებულ ანტივაქსერულ განცხადებას. აღნიშნული განცხადება არის არაპროფესიონალური, რადგან მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციები პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ვაქცინაციას აღიარებენ და ამაზე არა ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ჩატარებული.
ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, კლინიკის სახელით გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომელიც რთულ გლობალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ვაქცინაციის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე, მიუღებელია ფაქტი, როდესაც ვიდეომიმართვაში კლინიკის თანამშრომელი აკნინებს სამედიცინო პერსონალის იმ უმრავლეს ნაწილს, რომელიც ვაქცინაციის პროცესს პანდემიის დამარცხების ერთადერთ გზად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი პანდემიის პირველივე ტალღიდან ჩაერთო კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მართვაში, სადაც გლობალური ვირუსის პირისპირ აღმოჩენილი მედპერსონალი წელიწადზე მეტია, 24-საათიან რეჟიმში იბრძვის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
ჰოსპიტლის ადმინისტრაცია გმობს და ემიჯნება მსგავსი ტიპის განცხადებას, მიუღებელად მიაჩნია თანამშრომლობა პირთან, რომლის განცხადებაც რთულ პერიოდში მყოფი სამედიცინო კოლეგების დაკნინებისკენაა მიმართული და, ამავდროულად, შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას.
ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი აცნობიერებს სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და მიიჩნევს, რომ სწორედ მედპერსონალი ამაღლებს სანდოობას ვაქცინაციისადმი მოსახლეობაში," - ნათქვამია განცხადებაში.