19 აპრილი 2024,   10:31
ვრცლად
ეს კვირა გადამწყვეტია ვაქცინაციის და ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით - სპეციალისტები შეზღუდვების ხელახლა ამოქმედების აუცილებლობას არ გამორიცხავენ

სპეციალისტები დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე შეზღუდვების ხელახლა ამოქმედების აუცილებლობას არ გამორიცხავენ.

ეპიდემიოლოგების შეფასებით, საქართველო ჯერ კიდევ არ იმყოფება პანდემიის მეოთხე ტალღის პიკში და ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ მეტად ზრდას მომდევნო პერიოდში ელოდებიან.

დელტა შტამის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ ბერკეტად კი, კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ. ექიმები არსებული ტენდენციის გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ აგვისტოში ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სამიზნე ერთი თვის განმავლობაში 500 ათასი ვაქცინირებულია, პრაქტიკულად ივლისის ნახევარი დავკარგეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აგვისტოში ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ვაქცინირებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დელტა ვარიანტის შეჩერების ერთადერთი  რესურსი არის ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების გაზრდა.

ეს კვირა არის გადამწყვეტი როგორც ვაქცინაციის, ისე ინფიცირებულთა რაოდენობის შეფასების და მომდევნო დღეების პროგნოზის თვალსაზრისით. ასე რომ უფრო მეტი იმუნიზირებული, უფრო მეტი სიფრთხილე, უფრო მეტი ადამიანისთვის ნიღბის ტარების ვალდებულება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ წვეულებები, ქორწილი, ქელეხი, იმიტომ, რომ 2-3 დელტა ვარიანტით ინფიცირებულის ყოფნა დახურულ სივრცეში რამდენიმე საათით, სავსებით საკმარისია, რომ ათეულობით ადამიანი დააინფიციროს," - აცხადებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

შემთხვევების მატებას პროგნოზირებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი:

"ჯერ კიდევ არ ვართ მეოთხე ტალღის პიკზე და ტენდენცია მატების კვლავ შენარჩუნდება. პიკს როდის მივაღწევთ ძნელი სათქმელია დაახლოებით რამდენიმე კვირა დასჭირდება. თუ შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვანი და სწრაფი ზრდა დაიწყო უკვე ძალიან გართულდება მდგომარეობა, ამას შეიძლება მოჰყვეს სიკვდილობის მატება ამ შემთხვევაში ქვეყანა დადგება გარდაუვალი საჭიროების წინაშე რომ შემოიღოს კვლავ შეზღუდვები,"- განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

დღის ამბები