01 სექტემბერი 2026,   10:28
ვრცლად
ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმე - საქართველოში ჩამოსულია შანეი ბრუკის ძმა

პოლიცია ეძებს პირს, რომელმაც ავსტრალიის მოქალაქე მოკლა. საგამოძიებო უწყებას სავარაუდოდ იდენტიფიცირებული ყავს სავარაუდო ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. ავსტრალიის მოქალაქის, შანეი ბრუკის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. რამდენიმე წუთის წინ მკვლელობის შესახებ ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმაც.

ვახტანგ გომელაურმა  ავსტრალიელი ქალის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა სწრაფად მოხდეს გამოძიება და დამნაშავის დაკავება. შს მინისტრმა დეტალებზე საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ დეტალების გამჟღვანებამ შესაძლოა გამოძიების პროცესი დააზიანოს.

"შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს ჩემი ერთი სიტყვით და არ მინდა, რომ ხელი შევუშალო," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა საქმეში ძალადობის სხვა მსხვერპლებიც, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საქმესთან კავშირში იყო 2 შეტყობინება შესული, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ შემთხვევაში ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.

"ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც, ვერ გეტყვით ზუსტად, შეიძლება სხვა შემთხვევა იყოს," - აღნიშნა შს მინისტრმა.

მინისტრმა ასევე არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დამნაშავე შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს. გომელაურის თქმით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ აღნიშნული პირი საქართველოს მოქალაქეა.

"კურიერის" ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსულია შანეი ბრუკის ძმა, ხოლო მშობლები კარანტინის გამო ავსატრალიიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. უახლოეს პერიოდში საგამოძიებო უწყებაში იგეგმება ძმასთან გასაუბრება და დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

დღის ამბები