დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაევალათ, სამშაბათისთვის კონკრეტული რეკომენდაციები მოამზადონ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ მათ მიერ შეთავაზებული რეკომენდაცებიდან ბევრი იქნება გათვალისწინებული.
"საკმაოდ ბევრი იყო ჩვენი რეკომენდაციები, არა მარტო შეზღუდვებთან დაკავშირებით, არამედ აცრების გაინტენსივებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ბევრი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. მიეცა დავალება საბჭოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ უნდა შემუშავდეს რამდენიმე სცენარი, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო სამშაბათს განიხილავს,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მან ექიმები ვაქცინაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ექიმები, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, ექიმთა ეთიკურ კოდექსს, ანუ ჰიპოკრატეს ფიცს არღვევენ.
"ეს არის ჩვენი, ექიმთა ეთიკური კოდექსის დარღვევა. ანუ იმ ფიცის, რომელსაც ჩვენ ვდებთ, როდესაც სამედიცინო ინსტიტუტს ვამთავრებთ - ჰიპოკრატეს ფიცის. როცა იცი, რომ აცრა შველის ადამიანს და ძალიან მაღალი პროცენტით, პრევენციას უკეთებს გართულებებსა და სიკვდილს და ამაზე შენ უარს ამბობ, ეს არის ეთიკური კოდექსის დარღვევა და ამას ჩვენი კოლეგები არ უნდა აკეთებდნენ," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.