ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერში" განმარტა, თუ რატომ ეწინააღმდეგება საველე ჰოსპიტალებს. მინისტრის თქმით, კარვებში მოწყობილი საავადმყოფო, მოსახლეობის ფიქო-ემოციურ მდგომარეობასთან ერთად, მკურნალობის ხარისხზეც იმოქმედებს.
"წინა ტალღების პერიოდში, მე ვიღებდი მტკიცე გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ უნდა გაგვეხსნა საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან ეს მოქმედებს როგორც მკურნალობის ხარისხზე, ასევე მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი გუნდიც იზიარებს ამ მოსაზრებას. შედარებით მკაცრი განცხადებები, რომელიც ისმის ბოლო პერიოდში ჯნდაცვის სამინისტროდან, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ საველე ჰოსპიტლების გახსნა,"- განაცხადა "დღის კურიერში" ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, თუ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალის მოწყობის აუცილებლობა დადგა, ის ისეთ ლოკაციაზე განთავსდება, რომელსაც მინიმალური და ფსიქო-ემოციური ზეწოლა ექნება მოსახლეობაზე.
"ძალიან არასასიამოვნო იქნება კარვებში ამ ყველაფრის ნახვა და ღია სივრცეებში, შესაბამისად მაქსიმალურად ვეცდებით შერჩეული იყოს ისეთი სივრცე, სადაც მინიმალური და ფსიქო-ემოციური ზეწოლა მოსახლეობაზე და მაქსიმალური კომფორტი იქნება შექმნილი, როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. ამ ეტაპზე ზუსტი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს სხვადასხვა სივრცის შერჩევა," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.