მოეწყობა თუ არა ქვეყანაში საველე ჰოსპიტლები - საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ მიუღია. ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ შექმნილ ვითარებაში უწყებას საველე ჰოსპიტლების მოწყობა აუცილებლად მოუწევს. სპეციალისტები მოსახლეობას მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებენ.
"როცა უკვე საველე ჰოსპიტალებზეა ლაპარაკი, გასაგებია რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი. უნდა გაკეთდეს ეს, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას. გვიწევს გადარჩევა პაციენტების, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი. თუმცა, ესეც არ არის უკვე საკმარისი, როდესაც ამდენია დაინფიცირებული. ყველა უნდა ვიყოთ პირბადით - ეს აუცილებელია, უნდა ვიყოთ აუცილებლად დისტანციით ერთმანეთთან და ძალიან აუცილებელია თავშეყრის ადგილების ამ ეტაპზე არ არსებობა," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.
პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ორ დღეში შეხვედრაა დაგეგმილი. შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც მოგვიანებით საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.