სასტიკად მოკლული 46 წლის მამაკაცი კასპში გადაასვენეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან მკვლელობა თბილისში 2 დღის წინ მოხდა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება თავისა და ყელის არეში.
ოჯახი კომენტარს არ აკეთებს და გამოძიების შედეგებს ელოდება.
მომხდარზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება აცხადებს, რომ 1976 წელს დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ. მომხდარიდან მალევე დააკავა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.