კორონავირუსის გავრცელების ყველაზე რთული ტალღა საქართველოში. ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ შექმნილ ვითარებაში საველე ჰოსპიტლების მოწყობა გარდაუვალია, მაგრამ ამავე დროს უმნიშვნელოვანესია მედპერსონალის გადამზადებაც. ექიმების თქმით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება, ქვეყნის საწოლფონდი უბრალოდ არასაკმარისი იქნება. დიღმის ოლიმპიური სოფლის ფრენბურთის დარბაზში უკვე შეიტანეს საწოლები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა, სადაც პირველი საველე ჰოსპიტალი ეწყობა. მედიკოსები ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ, მოსახლეობას კი რეკომენდაციების დაცვისა და ინტენსიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
"თუ არ მოხდება რეგულაციების დაცვა, ვაქცინაციის პროცესის გაუმჯობესება და მასში მოსახლეობის დიდი რაოდენობის ჩართვა, ეპიდემიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და შეიძლება შემოდგომის სეზონისთვის მივიღოთ უკონტროლოდ გავრცელებული ეპიდემია," - აცხადებს "ჯო ენის" სახელობის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია კაშია.
თავის დროზე რეგულაციების დარღვევას უკავშირებს არსებულ მდგომარეობას ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე.
"ჩავთვალეთ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის, კოვიდი დავამარცხეთ და ეს თავისუფლება, რომელიც მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ, ასე შემოგვიბრუნდა ეს ყველაფერი," - განაცხადა დევი ტაბიძემ.