თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ. დღეს სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აცანასა და აკეთში იმყოფებოდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს.
სამხედრო ექიმები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები სხვადასხვა რეგიონის სოფლებში რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას.