ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების განსახილველად კახეთში საგანგებო შეხვედრები დაინიშნა, ჯანდაცვის მინისტრი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მთავარი თემა იყო სამედიცინო რესურსი და ვაქცინაცია. კახეთი შემთხვევით არ შეურჩევიათ, რეგიონი დატვირთული სეზონისთვის ემზადება. მოახლოებული რთველი ვირუსის გავცრელების რისკს კიდევ უფრო ზრდის.
ჯანდაცვის სამინისტრო მორიგ სამოქმედო გეგმაზე გადავიდა და დამატებითი რესურსების მობილიზება დაიწყო. საველე ჰოსპიტლები ყველა დიდ ქალაქში მოეწყობა, ადგილები უკვე განსაზღვრულია. დამძიმებული პაციენტების კლინკებში დროულად გადასაყვანად კი, უკვე მიმდინარეობს კოვიდსაავადმყოფოებში ადგილების დარეზერვება.
ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლების გამო, თამარ გაბუნიამ დღეს დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში კლინიკური ჯგუფი შეიკრიბება და კოვიდპაციენტების მკურნალობის პროტოკოლს ახალი რეკომენდაციები დაემატება.
დედაქალაქში უკვე 3 საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. ქავთარაძის ქუჩაზე დღეს გახსნილ ზონაში უკვე 20-მდე პაციენტია. საველე სივრცეში სულ 200 ინფიცირებულის მიღება შეუძლიათ.
ყველა მონაცემით, ვირუსის პიკი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ისევ გაგრძელდება. დღეს ყველაზე საყურადღებო ეპიდვითარება თბილისსა და აჭარასთან შედარებით, კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთშია. ჯანდაცვის სამინისტროს პირველმა პირებმა დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო შეხვედრები კახეთიდან დაიწყეს. პირველი შეხვედრა კოვიდგანყოფილებების ხელმძღვანელებთან შედგა და შესაბამისი დავალებებიც გაიცა.
დავალებები მიიღეს ადგილობრივი ბიზნესს სექტორის წარმომადგენლებმაც. პაატა იმნაძემ უკეთესი ეპიდვითარებისთვის, კერძო სექტორს მიმართა, რომ მოახლოებული რთველი კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდეს.
კახეთის რეგიონში ადგილზე ჩასული მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პედაგოგებსაც შეხვდა. მთავარი საკითხი იმუნიზაციის პროცესი იყო. იმისთვის, რომ სწავლა სექტემბერში საკლასო ოთახებში განახლდეს მასწავლებლელების 80% აცრილი უნდა იყოს.