მისასალმებელია სახელწიფოს მიდგომა მცირეკონტიგენტიანი სკოლებისადმი, რომელიც არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, არამედ სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს წარმოადგენს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეს ახალ სკოლაში განაცხადა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლების მშენებლობა მნიშვნელოვანია.
მთავრობის მეთაურმა სკოლა დაათვალიერა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
პრემიერი სკოლაში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ხაბუმეს თემის საჯარო სკოლა 2021 წლის სექტემბერში სასწავლო წლის დაწყებას ახლადაშენებულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობაში შეხვდება.
ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი 60 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა სრულად აღჭურვილია ახალი ინვენტარით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სკოლაში მოწყობილია თანამედროვე სტანდარტის ღია სტადიონი. გარე ტერიტორიის ნაწილი მოპირკეთებულია ასფალტბეტონის საფარით. გარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ბეტონის საძირკველზე მოწყობილი ლითონის ღობით. პროექტის ღირებულება 1 214 000 ლარია.
ამ ეტაპზე სკოლაში სწავლობს 45 მოსწავლე და კონტიგენტის ზრდა 80-მდე იგეგმება.
ხაბუმეს N3 საჯარო სკოლა აშენდა 1916 წელს აგებული ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობის ბაზაზე. აღნიშნული სკოლა ზუგდიდის მაზრაში პირველი ქართულენოვანი სასწავლებელი იყო.