წინანდლის ტყეში სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის დედა "კურიერთან" აცხადებს, რომ მისი შვილი მკვლელი არ არის და აღნიშნულ შემთხვევაში დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს ადანაშაულებს.
"ჩემი შვილი არ იყო მკვლელი, ჩემი შვილი იყო პატიოსანი, მშრომელი ბავშვი. ზვიადაური იქ რომ მოქცეულიყო ნორმალურად, ეს ამბავი არ მოხდებოდა. მე ვთვლი, რომ თავისი ძმის, მეგობრის და ჩემი შვილის მკვლელი არის თვითონ ზვიადაური. ვიცი, რომ ნიკამ არ გაისროლა, ნიკა დაჭრილი მივიდა იარაღთან და დაიცვა თავისი ძმები. ნიკა იყო ნამდვილად თავდაცვის რეჟიმში, ამაში ვარ დარწმუნებული. გვითხრეს ისე, რომ ზურგში აქვს დანა ჩარტყმული, მაგრამ რამდენად მართალია არ ვიცი. მე არ მაჩვენეს ჩემი შვილი," - განაცხადა გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის დედამ.
შეგახსენებთ, ზურაბ ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ექსკლუზიურად "რუსთავი 2-მა" გადაიღო.
9 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ზურაბ ზვიადაური დააკავეს. თელავის სასამართლომ, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს, თუმცა გუშინ გახდა ცნობილი, რომ სააპელაციო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ მიიღო. საქმეზე წარდგენილ ბრალს ზვიადაური არ აღიარებს.