20 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
სტიქიამ კახეთში ხუთი მუნიციპალიტეტი დააზარალა, მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობა, სამინისტრო, მერია, რწმუნებულის ადმინისტრაცია მობილიზებულია - ლერი ბარნაბიშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი კახეთის რეგიონში იმყოფება.
 
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრები გამართა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან.

რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, სეტყვის შედეგად დაზარალდა ხუთი მუნიციპალიტეტის ათეულობით სოფელი, სტიქიის ზონებში დღეს დილიდან გასულები არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან არსებულ ვითარებას. ლერი ბარნაბიშვილის თქმით, დასეტყვილი ყურძნის დაბინავება თელავში, გურჯაანსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია. სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის.

"სტიქიამ დააზარალა ხუთი მუნიციპალიტეტი, განადგურებულია სოფლის მეურნეობის კულტურები, მათ შორის დასაკრეფად გამზადებული ვენახები, ჩვენ გვესმის კახელი გლეხების გასაჭირი, მთელი წლის განმავლობაში ისინი ელოდებიან რთველს და დარჩნენ შემოსავლის გარეშე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით დღეს მე ვიმყოფები კახეთის რეგიონში, შევხდი გლეხებს, ისინი არ იქნებიამ ამ სტიქიის შედეგების წინაშე პირისპირ მარტო დარჩენილები, მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობა, სამინისტრო, მერია, რწმუნებულის ადმინისტრაცია მობილიზებულია, მაქსიმალურს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად.

დღეს გაიხსნა დილიდან ქარხნები მათ ესაუბრა სოფლის მეურნებობის სამინისტრო, ისინი მზად არიან მიიღონ  ყურძენი და საკმაოდ ნორმალურ ფასად, ამასთან დაკავშირებით სოფლების მოსახლეობა ინფორმირებული იქნება. ასევე კომუნიკაცია შედგა სადაზღვევო კომპანიებთან, ისინი კახეთის რეგიონში ჩამოვლენ და შეიწავლიან სიტუაციას. მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ რაც შეფასდება ზარალი გვერდში დგომა და დახმარება მთავრობის მხრიდან დაზარალებული გლეხების მიმართ იქნება მაქსიმალური,“-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
 
სტიქიის ზონაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ლერი ბარნაბიშვილთან ერთად იმყოფება მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საინფორმაციო ანალიტიკური სამმართველოს უფროსი თეიმურაზ შეყლაშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული  ირაკლი შიოშვილი.

დღის ამბები