საზოგადოებრივი ტრანსპორტი მობილური ამცრელი კაბინეტის ფუნქციას, უკვე მესამე დღეა ითავსებს. ავტობუსის ერთ-ერთი ლოკაცია გლდანში, მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაა. აქ ასაცრელად დილიდან ათეულობით მოქალაქე შეიკრიბა.
ხალხმრავლობა იყო დღეს ვარკეთილში და სადგურის მოედანზეც. მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, "ფაიზერის" და "სინოვაკის" ვაქცინით იცრებიან. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას კი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აკვირდებიან. ავტობუსში განთავსებულია ყველა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა, რაც აცრილებისთვის, პირველადი დახმარებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო.
მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები თბილისის 3 რაიონში წარმატებით ფუნქციონირებს. ამაზე სპეციალისტების განცხადებით, აცრის მსურველთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდა მეტყველებს. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მობილური ვაქცინაციის ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება და დედაქალაქთან ერთად, რეგიონებში, ყველა დიდ ქალაქში განთავსდება.
იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან პედაგოგებიც. განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 46% სრულად ვაქცინირებულია.
დედაქალაქის გარდა, ვაქცინაციის პროცესი მზარდი ტემპით მიმდინარეობს რეგიონებში. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ 1 145 925 აცრაა ჩატარებული ბოლო მონაცემებით.