24 აპრილი 2024,   20:15
ვრცლად
ნახეთ ყველაზე ვაქცინირებული ქვეყნები - როგორია იქ სიკვდილიანობის მაჩვენებელი

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინების მინიმუმ 5,29 მილიარდი დოზაა გამოყენებული. ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფი ვაქცინაციის პროცესი ისრაელმა განახორციელა, სადაც მოსახლეობის 60,6% სრულად ვაქცინირებულია. ბოლო დღეებში ისრაელში ინფიცირების სწრაფი ზრდა დაფიქსირდა, რომელიც ძირითადად  18 წლამდე ასაკის ბავშვებს და არავაქცინირებულ ჯგუფებს მოიცავს.  

29-30 აგვისტოს მონაცემებით, ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშია, რომლის მოსახლეობის 92% სრულად ვაქცინირებულია. ემირატებმა აგვისტოს დასაწყისში ვაქცინის გამოყენება 3 წლის ასაკის ბავშვებშიც დაამტკცა. ქვეყანა, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 10 მილიონს აჭარბებს 31 აგვისტოს კორონავირუსის 996 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა მხოლოდ ორი ადამიანი. 

ვაქცინაციით მსოფლიოში მეორე ადგილზეა მალტა, სადაც მოსახლეობის 82% სრულად ვაქცინირებულია. 31 აგვისტოს მონაცემებით, მალტაში კორონავირუსის 48 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი. 

მოსახლეობის 77,6% სრულად ვაქცინირებულია სინგაპურშიც, რომელიც ყველაზე ვაქცინირებულ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. სინგაპურის მოსახლეობის რაოდენობა 6 მილიონს აღწევს, თუმცა ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის მხოლოდ 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და არავინ გარდაცვლილა. 

ბოლო 24 საათში სიკვდილიანობა არ ფიქსირდება ყატარშიც, სადაც მოსახლეობის 74% სრულად ვაქცინირებულია. 

მოსახლეობის 73,5% ორჯერადად უკვე აიცრა კორონავირუსის სამშობლოში. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ინფიცირების მხოლოდ 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და არავინ გარდაცვლილა. 

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის პარალელურად მაღალია ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით, ორჯერ აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 10,5%-მდე. ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე რჩება - 100 000 სულ მოსახლეზე 750 შემთხვევა, მეორე ადგილზეა კოსოვო (737 შემთხვევა 100 000 სულ მოსახლეზე) და მესამე მონტენეგრო (709 შემთხვევა 100 000 სულ მოსახლეზე). გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 79 ადამიანი.

დღის ამბები