ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივებს უამინდობა აშინებთ, მათი თქმით, ყოველ გაწვიმებას შიშით ელიან. სოფელში არ არსებობს სანიაღვრე არხები, რაც უხვი ნალექის დროს წყლის დაგროვებას იწვევს.
ასევე ღელე, რომელიც მდინარე სუფსას უერთდება, დიდდება და უკვე წაიღო გზის გარკვეული მონაკვეთი. ხიდი კი, რომელიც აღნიშნულ ღელეზე გადის, ამორტიზებულია და მისი ჩანგრევის შემთხვევაში სოფელს წყალდიდობა ემუქრება.
ადგილობრივების თქმით, მათ სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აქვთ. კერძოდ, ავარიული გზები, გაზიფიცირების პრობლემა, წყალმომარაგება და გარე განათებები, რის შესახებაც, როგორც ისინი ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსშია.