17 ოქტომბერი 2021,   11:17
ვრცლად
ექსკლუზივი: პენსიის გამო ჩაქუჩით მოკლული 80 წლის მამაკაცი - რას ჰყვება მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის ქალი

"კურიერისთვის" 80 წლის მოხუცის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მარტოხელა მოხუცი საკუთარ სახლში, სიცოცხლეს 24 აგვისტოს გამოასალმეს. იმავე დღეს, სამართალდამცველებმა პენსიონერის მეზობლად მცხოვრები 23 წლის ქალი დააკავეს.

დოდო ჯანგულაშვილს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. ჩვენებაში, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა, ბრალდებული დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოკლა 80 წლის მეზობელი.

"გრძელტარიანი მეტალის ჭურჭელი ე.წ. "კრუშკა" ავიღე მარცხენა ხელით და ჩავარტყი ამირან პაპუაშვილს თავში... ამირანი წამოიწია და სცადა წამოდგომა, რა დროსაც ის ინერციით წამოვიდა ჩემსკენ და ხელებით დამიწყო ტანზე და ფეხებზე მოჭიდება. ვინაიდან მე ვიყავი აღელვებული და მინდოდა მისი მოშორება, ავიღე იქვე იატაკზე დაგდებული ჩაქუჩი, რომელიც მოვუქნიე მას და ჩავარტყი თავში, რა დროსაც ამირანის თავიდან იფეთქა სისხლმა და ის მოწყვეტით დაეცა ძირს გულ-მკერდით და ჩაემხო იატაკზე დაყრილ არეულ ნივთებში," - აცხადებს ბრალდებული. 

ბრალდებულმა დაკითხვის დროს აღიარა ისიც, რომ მკვლელობის შემდეგ დანაშაულის იარაღი აიღო და მოხუცის სახლი რამდენიმე წუთში დატოვა. ადვოკატი ამ ჩვენების ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დანაშაულის ჩადენას უარყოფს. ირკვევა, რომ მის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი, მოხუცის კუთვნილი პენსიის დაუფლება იყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მარტოხელა მამაკაცი თავს პენსიით ირჩენდა და ამ ფულით უბანში, მიუსაფარ ძაღლებსაც კვებავდა, თუმცა მკვლელობამდე ერთი თვით ადრე მას სახლიდან პენსია მოპარეს. "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის ფაქტზეც მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, მოხუცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის ქალს, ბრალი სხვა მუხლითაც დაუმძიმდეს.

დღის ამბები