პოლიციამ 18 ნარკორეალიზატორი დააკავა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ჩაატარა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.
ასევე ცნობილია, რომ დაკავეულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, მეორე კი 18 წლის - ისინი ძმები არიან.
"კურიერი" დაკავებულების ოჯახის წევრებს ადგილზე გაესაუბრა. დაკავებული ძმების მამა ამბობს, რომ ერთ-ერთ მათგანს ფოტო მასალა ჰქონდა, თუმცა რა იყო აღბეჭდილი ფოტოზე მისთვის უცნობია.
"გზაში მოდიოდნენ, გააჩერა მანქანა და ორივე დაიჭირეს. პატარას არა და დიდს ფოტო აქვს რაღაცა და რა ჩანს ფოტოზე არ ვიცი," - აცხადებს დაკავებული ძმების მამა.
დაკავებულების ბებია ამბობს, რომ დანაშაულში შვილიშვილების მონაწილეობის არ სჯერა.
"ასეთი ბავშვი არ არის, არ მჯერა, მე არ ვიცი ეს ამბავი საიდან მოვიდა, უნდა გავიგო ეს ვინ გაუკეთა ამას," - განაცხადა ბებიამ.
როგორც "კურიერისთვის" არის ცნობილი, დაკავებული არასრულწლოვანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც დაკავებულების უფლებადამცველი ამბობს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.
"დაკავებულია ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, თუმცა არ აღიარებს დანაშაულს და თავს ცნობს უდანაშაულოდ. იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ბრალდების მხარეს ჯერ არ გადმოუცია საქმის მასალები, შესაბამისად არანაირი მტკიცებულება ჩემთვის არ არის ცნობილი," - აცხადებს ადვოკატი გოგა ბიგვერაძე.