საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას კოვიდპორტალის შესახებ დადებითად ეხმაურება. შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ე.წ. მწვანე ზონის შექმნას ეფუძნება მისასალმებელია.
"ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ეფუძნება მწვანე ზონის შექმნას და ადამიანების უსაფრთხო გარემოებაში ყოფნას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.
ინიციატივა როდესაც ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის, ეს უკვე გაორმაგებულად შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ურთულეს რეალობაში არის ქვეყანა კოვიდვითარების გამო და ადამიანები, სადაც არ უნდა გადაადგილდნენ, თუ ისინი უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, რა თქმა უნდა ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ამ შემთხვევაში არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი," - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, სპეციალური პორტალი, სადაც მოქალაქეების კოვიდინფორმაციაა ატვირთული დღეიდან ამოქმედდა. ვებგვერდის საშუალებით კერძო თუ საჯარო დაწესებულებას შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს არის თუ არა მოქალაქე აცრილი. ვაქცინირებული მოქალაქეების ბაზა, ბიზნესს საშუალებას მისცემს ადამიანის სტატუსი განსაზღვროს და ამის შემდეგ გადაწყვიტოს დაუშვას თუ არა ის კონკრეტულ სივრცეში.