"დაპლიუსებული ეკლესია" - სწორედ ეს ტერმინი გამოიყენება სპეცსამსახურების მიერ იმ პირების მიმართ, ვისზეც მიყურადება და ფარული თვალთვალი ხორციელდება.
საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არ გაუვრცელებია განცხადება ჩანაწერებზე, რომელიც სასულიერო პირების პირად მონაცემებს მოიცავს და მათ რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებს.
საქაღალდეში, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის, თითქმის ყველა მიტროპოლიტია მოხვედრილი. სინოდის ზოგიერთი წევრი კიდევ უფრო მეტი მასალის გამოქვეყნებას ელოდება.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, ფარული ჩანაწერების შემდეგ, რუსეთის აგენტურასთან დააკავშირეს.
ფარული ჩანაწერების გავრცელებას სასულიერო პირები ბინძურ პროვოკაციად აფასებენ. პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გასაჯაროებას კი, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ იმ კამპანიას უკავშირებენ, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლებია გრძელდება.
გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერებში ათეულობით სასულიერო პირი მოხვდა.