თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხა 2 მოწმე, რომლებმაც 2004 წლის მაისი-ივნისის პერიოდი გაიხსენეს. პროცესზე მოწმეებმა ზეწოლის შესახებ ისაუბრეს, რომელიც, მათი თქმით, კავშირშია ტელევიზიის წილების დათმობასთან. ორივე მოწმე, რომლებიც დღეს გამოიკითხა, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მეგობარია.
მომჩივანი მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ინფორმირებული იყო, რომ დვალსა და აქიმიძეს ტელევიზიის წილები ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს.
"ლაპარაკი იმაზე, რომ მხოლოდ 2006 წელს გაიგო, რომ ჩვენ პრობლემები გვქონდა და თურმე არ დაგვითმია ჩვენი ნებით, ცოტა ღიმილისმომგვრელია მარტივი მიზეზის გამო - ქიბარ ხალვაში ჩვენთან ხომ არ ურთიერთობდა, ურთიერთობდა სამ ძალოვან, სახელმწიფო მინისტრთან, რომლებიც სთავაზობდნენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიის ყიდვას. პლუს, ქიბარი ადასტურებს, რომ ფინანსურადაც მათთან გაასწორა ანგარიში," - აცხადებს დავით დვალი.
მომჩივანი მხარის ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში აპირებენ ქიბარ ხალვაშის ჩვენების გასაჯაროებას, რასაც, მისი შეფასებით, შეიძლება დაეფუძნოს სასამართლოს გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ.
"ხალვაშის ჩვენება დევს საქმეში. თუ ნებაყოფლობითია და თუ სწორია, რაც იქ წერია, მაშინ ეს არის ყველაზე მაგარი მტკიცებულება ჩვენთვის, რომელსაც პირდაპირ შეიძლება დაეფუძნოს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიღებული. აქვე დავაანონსებ, რომ ამ დღეებში ჩვენ ვაპირებთ, ხალვაშის ჩვენება ოფიციალური სახით, რაც არის მიცემული პროკურატურაში, პირველიც და მეორეც, ყოველგვარი კომენატრების გარეშე, გამოვდოთ საჯაროდ," - აცხადებს ადვოკატი.