24 აპრილი 2024,   20:03
ვრცლად
შინდისის გმირის - რუსლან წულაძის საფლავის გაქურდვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს 

შინდისის გმირის, რუსლან წულაძის საფლავის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს - მათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი აქვთ გაძარცვული.

1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის – რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნაკეთობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები