ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრის გაფართოებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს. უწყებამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარს.
აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის დაკავება კი წყნეთში, ერთ-ერთ სახლში მოხდა. "კურიერმა" გადაიღო ის ადგილი, სადაც ბრალდებულები იმალებოდნენ და სადაც ისინი პოლიციამ დააკავა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ დღეს ბრალდებულებს გამომძიებელი ბრალს გააცნობს, შემდეგ კი შეიმუშავებენ დაცვის ტაქტიკას.
"დღეს აპირებს გამომძიებლის მეშვეობით ბრალდების მხარე გააცნოს ბრალდების დადგენილება. დღეს არ ვგეგმავთ საქმის მასალებზე და ბრალდების ირგვლივ პოზიციის გამოვლინებას, იმდენად, რამდენაც ანალიზი მაქვს გაკეთებული საქმის მასალების, მოცულობითი შეხვედრა მინდა დავგეგმო დღეის შემდეგ. როდესაც ჩემი დასაცავი პირი გაეცნობა ინფორმაციას, რომელიც მასალებში მაქვს გაკეთებული ანალიზის სახით, შემდეგ ობიექტურიც და ხარისხიანიც იქნება მისი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით,"-აცხადებს გიორგი კავილაძის ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.
"პირველად მეძლევა შესაძლებლობა ჭელიძე ვინახულო, რადგან, მოგეხსენებათ, მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წარდგენილი. შესაბამისად, დღეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება ის, რომ მათ გამომძიებელი უშუალოდ გააცნობს ბრალს. ამის შემდეგ გვეცოდინება მათი პოზიციები, რა ნაწილში ცნობენ, ცნობენ თუ არა საერთოდ თავს დამნაშავედ და შემდეგ გვექნება დაცვის ტაქტიკა,"- აცხადებს აკო ჭელიძის საზოგადოებრივი ადვოკატი დალი ბარბაქაძე.