თითქმის 4 საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარეს საქმესთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.
საუბარია ტელეკომპანიის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელზე, რომლის მიხედვითაც ისინი ტელევიზიის 60 %-იან წილს ითხოვენ.
დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, დაცვის მხარე მხოლოდ საქმის ხანდაზმულობაზე აპელირებს, რაც აქიმიძე-დვალზე განხორციელებული იძულების არაპირდაპირი აღიარებაა.
"მხოლოდ და მხოლოდ ხანდაზმულობაზე აქცენტირება მათი მხრიდან არის არაპირდაპირი აღიარება, რომ აქიმიძე-დვალზე ნამდვილად განხორციელდა იძულება. კანონში და დიდი პალატის გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ შეიძლება პირი თავად არ მონაწილეობდეს იძულებაში, მაგრამ, თუ მის სასარგებლოს მოხდა იძულება, ის ასევე პასუხისმგებელია ამაზე,"- აცხადებს კოჟორიძე.
"რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს სასამართლო პროცესი და როგორც არ უნდა დამთავრდეს ის, სამართლიანობა არ აღდგება მანამ, სანამ "რუსთავი 2" არ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს,"- აცხადებს ჯარჯი აქიმიძე.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას, "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ დვალი-აქიმიძის სარჩელი ხანდაზმულია და, შესაბამისად, გამორიცხულია მისი დაკმაყოფილება.
"მას ჯერ არ უსაუბრია ხანდაზმულობის, შეცილების, აღიარების საკითხებზე, რაზეც ძირითადად არის ჩვენს შესაგებელში გამახვილებული ყურადღება. დღევანდელი მისი საპაექრო სიტყვა დაეთმო იძულების ფაქტზე მსჯელობას, როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ ნაწილში, ხოლო რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, შემდეგ სხდომაზე, 10 რიცხვში დაასრულებს ის საპაექრო სიტყვას.
ბევრი რამე ითქვა და, ალბათ, თქვენც ხედავდით, რომ ბატონი კოჟორიძე ახდენდა, ძირითადად, დიდი პალატის სასამართლოს ციტირებას, რომელიც ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით მიიღო დიდმა პალატამ. მან ძალიან ბევრი პარაგრაფი წაიკითხა ამ გადაწყვეტილებიდან, თუმცა იმ ნაწილებში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არასწორად იყო წარმოდგენილი ციტირება,"- აცხადებს პაატა სალია.