ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. სამი პირი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცები გლდანში ერთ-ერთ სახლში იმალებოდნენ.
"კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა, სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, გამოიყენა ხელყუმბარა, თუმცა პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად სამივე პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. დაკავებულები კი, ადვოკატებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულეს.
უფლებადამცველების თქმით, არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები მოკლულ ანასტასია შატალოვას არ იცნობდნენ.
"მას 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. ბექა ლატარიამ ჩემთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მას კითხვას უსვამდნენ ანასტასია შატალოვას მკვლელობის ირგვლივ. თუმცა, მას ამ ქალბატონთან არანირი შემხებლობა არ ჰქონია და მას არ იცნობს. ვნახოთ, საერთოდ რითი წარუდგენს მას პროკურატურა ბრალს და საერთოდ რა აქვთ მასალებში. ჩვენ არ ვართ ვალდებულები ვამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა,"- აცხადებს ბექა ლატარიას ადვოკატი გიორგი ლაღიძე.
გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი კი აცხადებს, რომ საქართველოში ანასტასია შატალოვას მამა ჩამოვიდა და მისივე თქმით, ოჯახი დაინტერესბულია არამრტო დამნაშავეების დასჯითმ, არამედ იმის გარკვევით, თუ ვინ იყო დამკვეთი.
გარდაცვლილის მამა ჩამობრძანდა და ის ზრუნავს, რომ როგორმე ქალბატონის სამშობლოში მოხდეს გადასვენება. ასევე ოჯახის ზრუნვის საგანია ის, რომ როგორმე გადაეცეთ ბავშვი მათ აღსაზრდელად. ვიმედოვნებ რომ ფარდა აეხდება ყველაფერს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამარტო დამნაშავეების დასჯა, არამედ ის, თუ ვინ იყო დამკვეთი,"- აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი პაატა შავაძე.
საქმეზე დაკავებულია ჯაბაევი ბინის მეპატრონე, სადაც ეჭვმიტანილები იმალებოდნენ, ბიძინა ხასია, რომლის ავტომობილითაც გადაადგილდებოდნენ დაკავებული პირები და ასევე წარსულში ნასამართლევი ბექა ლატარია, სავარაუდოდ მან ესროლა იარაღიდან რამდენჯერმე ანასტასია შატალოვას.
რა გახდა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა დაკვეთილია.