20 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
გახდა, თუ არა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი ანასტასია შატალოვა - რას ჰყვება მოკლული 25 წლის ქალის დედა "კურიერთან"

თბილისის ცენტრში მოკლული ქალის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა სამართალდამცველებს ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული აქვთ საკმაოდ ვრცელი ვიდეო მასალა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას სავარაუდო დამნაშავეების გადაადგილების მარშრუტიც დადგენილი აქვს - მთავარი ვერსია შეკვეთილი მკვლელობაა.

"კურიერის" ინფორმაციით, მოკლული შვილის ნაქირავებ ბინაში მისული იყო მამა, რომელიც საქართველოში რუსეთიდან დღეს დილით ჩამოფრინდა. 

პირველი კომენტარი "კურიერთან", შვილის მკვლელობის საქმეზე, ანასტასია შატალოვას დედამ გააკეთა. ოჯახის პოზიცია ამ ეტაპზე ერთია - 25 წლის ქალი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია და მნიშვნელოვანია გამოძიება, არა მხოლოდ შემსრულებლების, არამედ დამკვეთის კვალზე გავიდეს. სატელეფონო საუბარში ქალი ყვება, რომ მის შვილს კონფლიქტი ზურაბ ბერიძის გარდა, არავისთან ჰქონია.

ბრალდებებისთვის დღეს პასუხი არ გაუცია ადრესატს. მედიასთან არც ზურაბ ბერიძე გამოჩენილა და მთელი დღის განმავლობაში მობილური ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. ჯერ კიდევ გუშინ ყოფილი თანამდებობის პირი, მკვლელობის საქმესთან რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავდა.

არის, თუ არა კავშირში ბათუმის ყოფილი ვიცე მერი გუშინ მომხდარ მკვლელობასთან, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მანამდე კი სამართალდამცველებს ამ ეტაპზე არაოფიციალური ინფორმაციით 3 პირი ჰყავთ დაკავებული.

წინასწარი მოთავსების იზოლატორში მათ ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. ბექა ლატარიას წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. გამოძიება ლევან რაჯავს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, დანაშაულის დაფარვას, ბიძინა ხასიას კი საბრძოლო მასალისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

სწორედ ხასიაა ის პირი, ვინც გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს დაკავების დროს ბინაში ხელყუმბარა გაუხსნა და აფეთქებით იმუქრებოდა. სამივე მათგანი დუმილის უფლებით სარგებლობს. 

ანასტასია შატალოვას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, შინაგანს საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, არ არის გამორიცხული 25 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე, სამართალდამცველები, სხვა პირების კვალზეც გავიდნენ. 

 

დღის ამბები