20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
სასამართლო 25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

სასამართლო 25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობას იწყებს. მათ ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულების უფლებადამცველების თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. ადვოკატები სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.

განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. გავრცელებული ინფორმაციით საქმეში დევს საკმაო რაოდენობის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები. ერთ-ერთში კი ჩანს, როგორ გადაადგილდებოდა მკვლელობაში ბრალდებული მოკლული ქალის სახლთან, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე.

ბექა ლატარიას ადვოკატი გიორგი ლაღიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც მკვლელობას ედავებიან, მკვლელობის ადგილზე არ იმყოფებოდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მისგან მოწოდებული ინფორმაციით საბურთალოზე ნამდვილად არ იმყოფებოდა. ბექა ლატარიას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომ ის დააკავეს. აიძულებდნენ ეღიარებინა მკვლელობა, რომელიც მისი თქმით საერთოდ არ ჩაუდენია. ადამიანს ედავებიან იარაღს, რომელიც საქმეში საერთოდ არ დევს, მას ნარკოტიკი არ ჰქონია,"- აცხადებს გიორგი ლაღიძე და ამბობს, რომ ის ბექა ლატარიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბიძინა ხასიას მიერ  მიცემული ჩვენება ფიზიკური ზეწოლისა და ცემის შედეგად იქნა მიღებული.

კიდევ ერთი დაკავებულის, ლევან რაჯავის ადვოკატი გელა ჩივაძეც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და ისიც აპირებს, რომ აღკვეთის ღონისძიების  გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენოს.

დღის ამბები