25 აპრილი 2024,   16:57
ვრცლად
ვრცელდება ფარული ჩანაწერები სადაც ჩანს როგორ ყიდიდნენ ნარკოტიკს რეალიზატორები - დაკავებულთა შორის ყველაზე პატარა 19 წლისაა 

მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და ფონიჭალაში - დაკავებულ 11 ნარკორეალიზატორს შორის ყველაზე პატარა 19 წლის, ყველაზე უფროსი კი 65 წლის მამაკაცია. დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ.

დაკავებული 11 ნარკორეალიზატორიდან ერთი არის ქალი, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით რამდენიმე დასახელების ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ვიდეო კადრები გაავრცელა. სპეცოპერაციები დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს.

რაც შეეხება თავად დაკავებულებს, "კურიერი" ერთ-ერთი მათგანის უფლებადამცველს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს.

"არ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. გამოძიება მას ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და შეძენა-შენახვას ედავება," - ამბობს ადვოკატი.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 11 ნარკორეალიზატორიდან, 3 დაკავებულია ფონიჭალის დასახლებაში.

დღის ამბები