05 დეკემბერი 2021,   03:09
ვრცლად
ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით გახსნა - რა სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი

9 ნახევარი მილიონი ევრო, 700 ათასი დოლარი, 220 ათასი ბრიტანული ფუნტი - ეს არის თანხები, რომელიც ტრანსნაციონალურმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქართველოს ტერიტორიაზე მიითვისა და გაათეთრა. სპეცოპერაციაში, რომელიც თვეებია მზადდება, გერმანიის და საქართველოს ასზე მეტი სამართალდამცველი იყო ჩართული.

ჯერჯერობით, დაკავებულია 7 პირი, თუმცა საქმის რეზონანსულობის, მითვისებული თანხების რაოდენობის გათვალისწინებით, არ არს გამორიცხული რომ ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა და დაკავებულთა წრე საგრძნობლად გაფართოვდეს. მითუმეტეს, რომ ჯერ არ არის ცნობილი ვინ დგას ამ პირამიდის სათავეში.

უკვე განხორციელდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია დოკუმენტები და ფული. ყადაღა ადევს უძრავ ქონებებს, ავტომანქანებს, საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად თანხებს, სხვადასხვა კომპანიის წილებს.

სქემა მარტივია. დანაშაულის განსახორციელებლად დაფუძნდა 7 კომპანია. მოეწყო ქოლ-ცენტრები და ოპერატორებად უცხო ენების მცოდნე პირები დაასაქმეს. შექმნეს სავაჭრო პლატფორმები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან თანხის მიღებას, გამოძიების ინფორმაციით, მოტყუებით ცდილობდნენ.

აღნიშნული პლატფორმების გამოყენებით და არსებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით, სქემის ავტორები გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ფსონებს სთავაზობდნენ. მათ შორის ფასიან ქაღალდებს, აქციებს, სასაქონლო აქტივებს, სხვადასხვა ვალუტებსა და კრიპტოვალუტებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები წინასწარ შერჩეულ პირებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნიდნენ, თითქოს ისინი მოგებას მიიღებდნენ.

დაკავებულებს შორის 1 ისრაელის მოქალაქეა. ახლა მისი ექსტრადიციის საკითხი განიხილება. დაკავებულები, რომელთაც ბრალი გუშინ დაუზუსტდათ დანაშაულს არ აღიარებენ. უფლებადამცველების მტკიცებით, ისინი კომპანიებში მხოლოდ ტექნიკურ დავალებებს ასრულებდნენ.

სასამართლო არსებით განხილვაზე გადადის. განსასჯელის სკამზე მსხდომები თავს უდანაშაულოდ ცნობენ, გამოძიება კი, თაღლითურ სქემაში მონაწილე სხვა პირებზე გასვლის მცდელობას არ წყვეტს.

დღის ამბები