27 წლის ქალის მკვლელობის შემდეგ დავის საგანია თუ ვის ეკუთვნის მის 2 წლის ბავშვზე მეურვეობის უფლება. მეურვეობის მულტიფუნქციური საბჭოს გადაწყვეტილებით, უფლება ბავშვის მამას, ბათუმის ყოფილ ვიცემერს, ზურაბ ბერიძეს გადაეცა, თუმცა ამას ანასტასია შატალოვას ოჯახი აპროტესტებს.
"კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოკლულის მამა, სერგეი შატალოვი ამბობს, რომ ბერიძე მოძალადეა და მას მამობის უფლება არ უნდა ქონდეს. გარდა ამისა, შატალოვი უშუალოდ მკვლელობის საქმის გამოძიების დეტალებზე და ვერსიებზეც ყვება.
"ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ვიბრძოლებთ სამართლებრივი გზებით. ზურაბ ბერიძეს არ აქვს უფლება იყოს მამა, რადგან არსებობს ბევრი მტკიცებულება მის წინააღმდეგ. ის ანასტასიას ემუქრებოდა და მას ფიზიკურად უსწორდებოდა. თუ ზურაბი დანაშაულის შემკვეთი არ არის, ის მუქარის გამო უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ვფიქრობ, რომ ის არ არის ღირსი აღზარდოს ბავშვი. მას მამობა უნდა ჩამოერთვას. ჩვენ ვიბრძოლებთ მეურვეობისთვის, თუმცა ბავშვის ქვეყნიდან წაყვანას არ ვაპირებთ და ზურაბ ბერიძეს მისი ნახვის საშუალება ექნება," - აცხადებს სერგეი შატალოვი.
შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქე, 27 წლის ანასტასია შატალოვა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ცხოვრობდა, 18 ოქტომბერს, თბილისში, საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. მკვლელობის საქმეზე შსს-მ 3 პირი დააკავა.