დღეს ერთი მოქალაქის პირადობის ორი მოწმობის ირგვლივ აჟიოტაჟი იყო ატეხილი. ნიკა მელიას ერთერთ შტაბში განაცხადეს, რომ გაყალბების მიზნით მოქალაქეს სხვადასხვა გვარის ორი პირადობა დაუმზადეს.
"კურიერმა" პირის მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ედუარდ მსტოიანი ბაზაში მხოლოდ 1 დოკუმენტით არის დარეგისტრირებული. ედუარდს მსტოიანმა გვარი შეიცვალა. ფაქტი პიროვნებამ "კურიერს" სატელეფონო ზარით დაუდასტურა და შეცვლის მიზეზიც განმარტა.
"ახლა მომივიდა 2 თვის წინ ახალი პირადობა, კურიერმა მომიტანა. 1 თვის უკან ჩამოვედით, დეპორტი მაქვს და [შევიცვალე] იმის გამო, რომ იქ წავიდე. რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს..." - განუცხადა "კურიერს" ედუარდ მსტოიანმა.
ფაქტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც გამოეხმაურნენ. ცესკოს პრესსპიკერმა განმარტა, რომ შეცვლილი გვარის მიუხედავად ედუარდ მსტოიანი არჩევნებზე ხმის მიცემას ორჯერ ვერ შეძლებდა, ვინაიდან უცვლელია მისი პირადი ნომერი და დოკუმენტის სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
ედუარდ მსტოიანმა საკუთარი არჩევანი დღეს სანზონაში, ნომერ მე-80 საბავშვო ბაღში გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.