პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ანა წითლიძე არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მისი თქმით, ახლა მთავარი გამოსავალი ერთადერთია, როდესაც კონსტიტიტუციურ საარჩევნო უფლებას ხელისუფლება გართმევს, ამის დაცვა ქუჩაში უნდა მოხდეს.
წითლიძის განმარტებით, ახლა მთავარი პერმანენტული აქციების დაწყებაა.
"მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზის ციხეში და არის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ წაართვა არჩევანი და ანახა, რომ როგორიც არ უნდა იყოს ქართველი ხალხის განწყობა, მას საერთოდ არ აინტერესებს ვის მისცემენ ისინი ხმას. მას მოუნდება და მაინც წაართმევს ხალხს არჩევნებს. ახლა არის დრო, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დაიწყოს პერმანენტული აქციები," - განაცხადა ანა წითლიძემ.
ოპოზიციას უპასუხა მმართველმა გუნდმა.
"მოლოდინი, რომ ოპოზიცია აღიარებდა რაიმე შედეგს, გარდა მათი გამარჯვებისა, ჩვენ არ გვქონია. რა თქმა უნდა, არსებობს პროცედურები, რომელთაც მათ შეუძლიათ მიმართონ, გამოიყენონ ეს პროცედურა, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შედეგი არ შეიცვლება. შედეგი არის თავისუფალი არჩევნები ზუგდიდელების მხრიდან და მათ მხარი დაუჭირეს იმას, რომ ჭეშმარიტად ზუგდიდელი ადამიანი იყოს ზუგდიდელების მერი," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.