20 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
"დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით" - მედიკოსების ვარაუდით, კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი 8 ათას მიუახლოვდება

ქვეყანაში კოვიდის ინტენსიური აღმასვლა დაიწყო - 47 გარდაცვლილი და 5 553 ახალი შემთხვევა - ასეთია კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა. კოვიდცენტრებში მოხვედრილთა მესამედს ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილება სჭირდება. ვაქცინაციის დაბალი ტემპი კი, ქვეყანაში კარს უღებს ახალ შტამს, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად გადამდებია.

შექმნილ ვითარებაში საქართველოში სულ უფრო მეტი ეპიდემიოლოგი და ინფექციონისტი ემხრობა ე.წ მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე ახალ ქვეშტამზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც რუსეთშია გავრცელებული და 15% -ით უფრო სწრაფად ვრცელდება და პროცესიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

"სიტუაცია ძალიან რთული სამართავი გახდება თანდათანობით. ქვეშტამი გაჩნდა, რომელსაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მოსდევს თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმოსვლა ამ ქვეყნებთან არის შენარჩუნებული და შესაძლებელია, რომ ის შტამი შემოვიდეს საქართველოში,"- განაცხადა ლევან გოფოძემ.

დაბალი ვაქცინაციის და მძიმე მდგომარეობის ფონზე ექიმები ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგებას არ გამორიცხავენ. მედიკოსების პროგნოზით ვირუსის პიკი გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე ზაფხულში და დღიური მაჩვენებლები 8 ათას მიუახლოვდება.

"ჩვენი ვალია სახელმწიფოსი და ექიმების, კიდევ ვცადოთ, რომ რამენაირად გავაგებინოთ ადამიანებს, რომ საერთოდ დავიღუპებით ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანებს დავკარგავთ,"- აცხადებს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.

ბოლო 24 საათში 3369 ადამიანია ვაქცინირებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცრების დაბალი ტემპის ფონზე ცუდ სცენარს განიხილავს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ საზოგადოებაში საკმარისი იმუნიტეტი არ იქნება, ქვეყანა ეპიდემიის გავრცელებას ვერ შეაკავებს.

"ამ პანდემიას შეაკავებს ერთადერთი რამ, მხოლოდ და მხოლოდ ინტენსიური აცრები. დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით, თუ ამ რაოდენობის აცრები გვექნა - ყოველდღიურად 5-7 ათასი, ჩვენ სამიზნეს ვერ მივაღწევთ და ეპიდემიას ვერ შევაკავებთ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე არსებული რეგულაციების მკაცრ მონიტორინგს მოითხოვს და მწვანე პასპორტების ამოქმედების მომხრეა.

აქტიური შემთხვევების რაოდენობა დღევანდელი მონაცემებით 47 ათას მიუახლოვდა. საქართველოს მასშტაბით კოვიდცენტრებში მხოლოდ 2 500 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. 

დღის ამბები