27 აგვისტო 2026,   19:11
ვრცლად
"ჩოხოსნები კი არა, ჩოხის შემარცხვენლები, ჩეკისტები არიან..." - მარტვილში სიტუაცია კვლავ დაძაბულია

სალხინოს მონასტერთან ამ დრომდე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. ეკლესიის შესვლის უფლებას პოლიცია არავის აძლევს. სიტუაცია რამდენიმე საათია დაძაბულია.

ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება მოჰყვა სალხინოს მონასტერში ავტომობილის შესვლას, ბერები, რომელთაც პოლიცია ეზოში არ უშვებს, ცდილობდნენ ტერიტორიაზე არც ის ავტომობილი შეეშვათ, რომელშიც მათი თქმით, მიტროპოლიტ სტეფანეს წარგზავნილი ხალხი იმყოფებოდა. საბოლოოდ ავტომობილი მონასტრის ტერიტორიაზე მაინც შევიდა.

ბერი ათინოგენე იმ პირებს, რომლებიც მონასტერში ამ დროისთვის იმყოფებიან და აღწერას აკეთებენ ჩეკისტებს უწოდებს:

"ჩოხოსნები კი არა ჩოხის შემარცხვენლები არიან. ჩეკისტები არიან. რა არის გასატანი, კელიაში რა უნდა მქონდეს? აღწერა რაფერ უნდა ჩაატაროს, თუ ჩვენ არ გადავაბარებთ. შესათანხმებელი რა მაქვს  ცრუ კაცთან? ჩვენ არ ვღებულობთ, ეს არ არის ეპისკოპოსი," - აცხადებს ბერი ათინოგენე.

რაც შეეხება თავად ჩოხოსნებს, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი მედიასთან აცხადებს, რომ ის სენაკიდან ჩამოვიდა და მის მიზანს პატრიარქის დაცვა წარმოადგენს. მისი თქმით, ის საპატრიარქოს რეზიდენციაში აღწერას აკეთებდა.

"მე ვარ ჩოხოსანი სენაკიდან, ჩამოვედი იმისათვის, რომ ჩვენი პატრიარქი არის შეურაცხყოფილი. ძალით არავინ არ გამოუყვანია არავის. საპატრიარქოს რეზიდენციაში ვიყავი და აღწერას ვაკეთებდი ოთახისას,"- აცხადებს ის.

ბერების ნაწილი აცხადებს, რომ მონასტერში არც იმ სასულიერო პირებს არ უშვებენ, რომლებიც განკვეთილები არ არიან. სასულიერო პირის ანანია კალანდიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის განკვეთილი არაა, პოლიციამ ისიც ძალის გამოყენებით გამოიყვანა მონასტრიდან.

"მაქვს უფლება რომ ვიყო, განკვეთილების სიაში არ ვწერივარ და დამაყენეთ-მეთქი. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა 2-3 პოლიციელმა ჩამჭიდა ხელი და გამომათრიეს ძალაზე," - აცხადებს ანანია კალანდია.

ადგილზე იმყოფება მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მონაზონი სოსანაც. მისი თქმით, ისინი ეკლესიის ცრუ ეპისკოპოსებისგან გაწმენდას ითხოვენ და ეს ეთვლებათ დანაშაულად.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ ასეთი ცრუ ეპისკოპოსებისგან გაიწმინდოს ეკლესია და ამის გამო გვაკავებს პოლიცია ჩვენ, მეტი დანაშაული ჩვენ არაფერი არ მიგვიძღვის არც ღვთის და არც ერის წინაშე,"- აცხადებს მონაზონი სოსანა.

დღეს სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში უნდა ჩატარებულიყო მუსიკალური ფესტივალი "კამერატა", რომელიც აქ წლების განმავლობაში ტარდებოდა. ცოტა ხნის წინ ადგილზე ფესტივალის ორგანიზატორი ბექა ჯუმუტია მივიდა და განაცხადა, რომ მონასტრის ტერიტორიიდან ინვენტარის გატანა უნდა, თუმცა ამის უფლება ჯერჯერობით არც მას ეძლევა. ჯუმუტიას თქმით მომხდარზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოს ეკისრება, რადგან მათ სწორედ საპატრიარქოსგან ჰქონდათ პირობა მიღებული, რომ იმ 3 დღის განმავლობაში, რა დროსაც ფესტივალი უნდა გამართულიყო, აქ არ მოხდებოდა რამე დაძაბულობა და განკვეთილი ბერების გაყვანა:

"კამერატას" არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ დღეს ამ ტერიტორიაზე სადაც მოაწყეს ეს ეგზეკუცია. "კამერატა" არ ჩატარდება, უბრალოდ იმის გამო, რომ უცხოელები არიან ჩამოსულები და ვალდებულება გვაქვს აღებული გადავა  სხვა ტერიტორიაზე," - აცხადებს ბექა ჯუმუტია.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.

ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე. 

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის  სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.

საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდე იყო. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.

სასულიერო პირებს, რომლებიც მეუფე სტეფანემ სექტემბრის ბოლოს ეკლესიიდან განკვეთა - სალხინოს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ. თავად განკვეთილები მიტროპოლიტის განკარგულების დამორჩილებაზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ტერიტორიას სინოდის ოფიციალურ განჩინებამდე არ დატოვებენ. 

ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში დილის 6 საათიდან დაიწყო. 
სალხინოს ეკლესიაში, სადაც განკვეთილი პირები წირვას ატარებდნენ, მეუფე სტეფანე ჩოხოსნებთან ერთად შევიდა. მიტროპოლიტმა შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი პროცესში სამართალდამცველები ჩაერთვნენ. მათ რამდენიმე პირი ეკლესიიდან იძულებით გაიყვანეს. მარტვილის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილია 5 ადამიანი - მათ შორის ბერ-მონაზონი დანიელი. 

დღის ამბები