გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სიმშვიდეა - პატიმარი სააკაშვილი, რომელიც მკურნალობაზე უარს აცხადებს, ადვოკატებმა მოინახულეს, უფლებადამცველები ისევ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობენ, აცხადებენ იმასაც, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემებია.
მიხეილ სააკაშვილის მონათხრობის მიხედვით, ადვოკატები 2 ეპიზოდზე საუბრობენ:
პირველ ეპიზოდში სააკაშვილს დაპირისპირება მოუვიდა, სავარაუდოდ, საბადრაგე სამსახურთან მაშინ, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში. სააკაშვილის მონათხრობის მიხედვით, მას სამედიცინო დაწესებულებაში შესვლა არ სურდა, მაგრამ აიძულეს. ადვოკატები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ თავად სააკაშვილს მიეყენებინა რაიმე დაზიანება სამსახურის წარმომადგენლებისთვის. მისივე განცხადებით, სააკაშვილმა ამ ეპიზოდის დროს დაიზიანა ტანსაცმელი, მაგრამ თავად დაზიანებული, შემოხეული ტანსაცმელი, ადვოკატების თქმით, მათ არ უნახავთ. აღნიშნულის შესახებ მათ მხოლოდ ექსპრეზიდენტის მონათხრობის მიხედვით იციან.
ყოფილი პრეზიდენტის დაპირისპირების მეორე ეპიზოდი, ადვოკატების განცხადებით, უკვე სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დროს მოხდა, რა დროსაც მედპერსონალი ცდილობდა, რომ ექსპრეზიდენტისთვის ანალიზები აეღოთ და სააკაშვილმა ანალიზატორი დააზიანა. ამ შემთხვევაშიც, ადვოკატები უარყოფენ, რომ სააკაშვილს კონკრეტული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე ძალადობას.
"ეს არ იყო ის, რაზეც მას თანხმობა ჰქონდა გაცემული და მას სრული უფლება აქვს უარი თქვას სამედიცინო ჩარევაზე, რის შემდეგაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით 10-მდე სპეცრაზმელმა ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრია. ატეხილი ხმაურის ფონზე, იძულებით, წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევის გზით მიიყვანეს დაწესებულებამდე. ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა სცადა იძულებით ანალიზების, სისხლის აღება და მას მიუახლოვდნენ შპრიცებითა და ნემსებით, რაზეც სიტყვიერი უარი განაცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სცადეს, რომ ეიძულებინათ, რომ დაებათ, გაეკავებინათ და ისე აეღოთ სისხლის ანალიზები, მან ჰკრა ხელი ანალიზატორს, რომელიც არ გაფუჭებულა," - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლომ თანხმობა განაცხადა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით დარბაზში გამართოს, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებულნი არიან, რომ სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ.
"სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში. ახლა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არიან ვალდებულნი, რომ სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.