ზუსტად ერთ საათში თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის განხილვა დაიწყება. დაესწრება თუ არა ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესს, ამ დრომდე უცნობია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ მას ეს შეუძლია და სურვილიც აქვს. პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ. თუმცა, იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებასია, ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მისი გადაყვანა სასამართლოში დღეს არ იგეგმება.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, ავიღეთ საშვი, შევალთ და შიგნითვე ვიკითხავთ ციხის წარმომადგენლებთან, გადაჰყავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი პროცესზე. თუმცა, საშვის აღების შემდეგაც ვხედავთ შეფერხებას, შეშვებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ეს იუსტიციის სამინისტრომ თავისი ნარატივისთვის გამოიყენოს, რომ თითქოსდა რაღაც ტექნიკური მიზეზებით ვერ მოხდა დღეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, მათი მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა მკაცრად კონტროლირებად გარემოში ხდება, სადაც მიმდინარეობს ჩაწერა, რაც დაცვის უფლების შეზღუდვაა. ადვოკატის თქმით, მათ მიიღეს პირობა, რომ ეს გარემოებები შეიცვლება. ამასთან შოთა თუთბერიძის თქმით, ისინი მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, შუშის მიღმა, ტელეფონით ესაუბრნენ და საშუალება არ ჰქონიათ დაზიანებები ენახათ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში ძალადობრივად მოთავსების გამო მიიღო.