თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება, ხალხმრავლობაა. ოპოზიციამ, რომელიც დღეს დილიდან საპროტესტო აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე მართავდა, საბოლოოდ, თავი საქალაქო სასამართლოს ეზოში მოიყარა და სწორედ აქ იმართება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია.
თავად მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრება, ამის მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელი დესტრუქციული ქმედებები და მოშიმშილე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი დაასახელა.
მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, პროცესს ესწრება საქმის ფიგურანტი გიგი უგულავა, რომლის მიერ სასამართლო დარბაზში გაკეთებულმა განცხადებებმაც გარკვეული ხმაური გამოიწვია. გიგი უგულავას თქმით, მედიას არ ეძლევა იმ სასამართლო პროცესის სათანადოდ გაშუქების საშუალება, რომლის მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.
ჯერჯერობით უცნობია, მოხერხდება თუ არა ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის ონლაინ დასწრება სასამართლო პროცესზე. ამ ეტაპზე სასამართლოზე გარკვეული შუამდგომლობების დაყენება მიმდინარეობს, მათ შორის არის მედიის დასწრებასთან დაკავშირებით დაცვის შუამდგომლობა და ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გლდანის პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარდეს.