16 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
ბრალდების მხარე მიხეილ სააკაშვილის პროცესებში ჩართვას დისტანციურად ან სხდომის საპატიმროში გამართვას ითხოვს - დაცვის მხარე შუამდგომლობას არ ეთანხმება

უკვე ორი საათია თბილისის საქალაქო სასამართლო შვიდი ნოემბრის საქმეს განიხილავს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება, გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა რისკებით ახსნა. სხდომათა დარბაზშია ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული გიგი უგულავა, რომელიც სხდომის საჯაროობას ითხოვს. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს.

სასამართლო პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაცვის მხარის მტკიცებით, პროკურორები თავისი რეპლიკებით, ხმაურის გამოწვევას და პროცესის ჩაშლას ცდილობენ. გიგი უგულავამ პროკურორ ჯარჯი წიკლაურს პროკურორ-პროვოკატორი უწოდა. 

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოხდეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად.

პროკურორმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე.

"მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე, მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ,"– განაცხადა პროკურორმა.

აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მათთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუღებელია. მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უშუალო დასწრებას მოითხოვენ.ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა მას შეუძლია სასამართლოზე დასწრება და თავად ექსპრეზიდენტის სურვილიცაა, რომ პროცესი სასამართლოში გაიმართოს.

სასამართლო პროცესი ხალხმრავალი აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები არიან შეკრებილი, რომლებიც დღის განმავლობაში აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე მართავდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა საპროცესო უფლებების განხორციელება.

"ვხედავთ, რომ აბსოლუტური უკანონობაა ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში განსაკუთრებით. ამიტომ ჩვენ ოპოზიციას, პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებას გვმართებს სხვანაირი ძალისხმევა,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი.

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია პატიმარი სააკაშვილის და ამიტომ არ არის მოლოდინი, რომ მას საშუალება მიეცემა სასამართლოს თავად მიმართოს.

კანონის ფეხქვეშ გათელვას უწოდებს მიმდინარე მოვლენებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. მისი თქმით, ხელისუფლება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მოქმედებს:

"არ არსებობს საქართველოში არანაირი კანონი, არ არსებობს არანაირი უფლება, რომ წარსდგეს სასამართლოზე. როდესაც პრეზიდენტს ასე ექცევიან, როგორ იქნება ჩვენი რიგითი მოქალაქის უფლებები დაცული. ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით. ეს კი მარტივად შეგვიძლია ვთქვათ - ძალიან დიდი შიში. ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები